„როგორ შეუძლია ბავშვს სწავლა, როცა ფანჯრის მიღმა „ავღანეთია?!“?“
უკრაინელი სკოლის მოსწავლის დედამ, კიეველმა დარია მაქსიმოვამ, ყვითელი საჰაერო განგაშის დროს გაკვეთილების შესახებ გულიდან ამოხეთქილი სათქმელი გააზიარა. ქალმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვები თითქოს შედარებით უსაფრთხო ადგილას უნდა გადავიდნენ, თუმცა სინამდვილეში ამას არავინ აკეთებს. მეტიც, მისი თქმით, კლასის ჩატში უსაფრთხო ადგილას გადასვლაზე დაწერა შეუძლებელია ისე, რომ სკანდალში არ გაეხვიო.
Threads-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მაქსიმოვამ აღშფოთება გამოთქვა, რომ ბავშვებისთვის რთულია ეკრანს უყურონ და რამე დაიმახსოვრონ, როცა ფანჯრის მიღმა „ავღანეთი“ ხდება. ქალმა ასევე აღნიშნა, რომ 25 სექტემბერს კიევზე თავდასხმის დროს დაიღუპა ბიჭი, რომელიც საჰაერო განგაშის დროს სწავლობდა.
„კიევში ბავშვები ახლა ონლაინ სწავლობენ. დაიწყეს წერა, რომ ყვითელი საფრთხის დონის დროს ონლაინ გაკვეთილები მაინც გრძელდება (ბავშვები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადადიან), რა თქმა უნდა, არა ოფიციალურად, რადგან ასეთ რამეს კლასის ჩატში ვერ დაწერ — შეიძლება ციხეში ამოყო თავი. ჩვენ კი „ცხელ“ რაიონში ვცხოვრობთ, სადაც რაღაც გამუდმებით გრუხუნებს. დღეს ერთი ბიჭი დაიღუპა — ამბობენ, ღია რვეულთანო. მითხარით, როგორ უნდა ისწავლო? როგორ შეიძლება ბავშვმა ეკრანს უყუროს და რამე დაიმახსოვროს, როცა ფანჯრის მიღმა „ავღანეთი“ ხდება, — დაწერა სკოლის მოსწავლის დედამ.
მსგავსმა პოსტებმა ინტერნეტში გავრცელება დაიწყო. ფიზიკის მასწავლებელი რუსლან ციჰანკოვიც გამოეხმაურა ამ შოკისმომგვრელ შემთხვევას. მასწავლებლის პოსტის ქვეშ უკრაინელებმა ონლაინ სწავლების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გააზიარეს. ზოგიერთმა თქვა, რომ ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის დროს ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს გაკვეთილს უტარებდა, დაიღუპა.
„ალბათ ყველაზე მეტად ეს სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეეხოთ. მეც მყავს 14 წლის შვილი — უბრალოდ ვერ ვწყვეტ ფიქრს იმ ბიჭის ბედზე და იმაზე, რომ ბავშვების უმეტესობა სახლში მარტო რჩება, როცა მათი მშობლები სამუშაოდ იფანტებიან, ასევე შედეგებზე, რისკებზე, ფულის გამომუშავების აუცილებლობაზე, გადარჩენისა და ბავშვებისთვის ფეხზე დადგომაში დახმარების საჭიროებაზე.“
კომენტარის დამატება