რა ასაკში უნდა უყიდოთ ბავშვს სმარტფონი?

Total page views: 0
.

ახალი კვლევის შედეგებმა მშობლები შოკში ჩააგდო.

ბავშვებს, რომლებიც საკუთარ სმარტფონს მოზარდობის ასაკამდე იღებენ, შესაძლოა ჯანმრთელობის დამატებითი რისკები შეექმნათ. ახალმა კვლევამ აჩვენა კავშირი 12 წლის ასაკში სმარტფონის ქონასა და მომდევნო წლებში კვებითი დარღვევების სიმპტომების უფრო ხშირ გამოვლენას შორის. მკვლევრებმა გააანალიზეს გაერთიანებულ სახელმწიფოებში ათასობით ბავშვისა და მოზარდის ფართომასშტაბიანი გამოკითხვის მონაცემები და შეადარეს ისინი, ვისაც 12 წლის ასაკში სმარტფონი ჰქონდა, მათ, ვისაც იმ დროს არ ჰქონდა.

ამის შესახებ Futurism-მა გაავრცელა ინფორმაცია.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 70%-ს — 6 200-ზე მეტ მოზარდს — 12 წლის ასაკში უკვე ჰქონდა საკუთარი სმარტფონი. მათ შორის კვებითი დარღვევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ჭარბი ჭამა იყო: 12 წლის სმარტფონის მფლობელთა 9%-მა ამის შესახებ განაცხადა.

14 წლის ასაკისთვის ამ ჯგუფში შემავალი ბავშვების დაახლოებით 24%-მა კვებითი დარღვევის სულ მცირე ერთი სიმპტომი დააფიქსირა. იმ მოზარდებს შორის, რომლებსაც სმარტფონი ადრეულ ასაკში არ მიუღიათ, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16% იყო.

რა კავშირი აქვს ამას სოციალურ ქსელებთან?

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ კავშირის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ის კონტენტია, რომელზეც ბავშვი სმარტფონთან ერთად წვდომას იღებს. მთავარი შეშფოთების საგანი სოციალური ქსელებია, რადგან იქ მოზარდები მუდმივად ხედავენ ადამიანების გამოსახულებებს, რომლებიც გარეგნობის გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

კვლევის თანახმად, 12 წლის ასაკში სმარტფონის მქონე ბავშვები ორჯერ უფრო ხშირად აკავშირებდნენ საკუთარ თვითშეფასებას წონასთან. გარდა ამისა, მათ 50%-ით მეტი ალბათობით სურდათ წონის მატების კომპენსირება ფიზიკური ვარჯიშით ან სხვა სახიფათო მეთოდებით, მათ შორის, ღებინების ხელოვნურად გამოწვევით.

კვლევის ავტორმა, ჯეისონ ნაგატამ, რომელიც სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტში მოზარდთა მედიცინის სპეციალისტია, განმარტა, რომ სმარტფონი ბავშვის ჯიბეში ფაქტობრივად ათავსებს გარეგნობაზე ორიენტირებული კონტენტის უზარმაზარ რაოდენობას.

ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან საკუთარი თავის მუდმივმა შედარებამ შესაძლოა საკუთარი სხეულით უკმაყოფილება გამოიწვიოს და თვითშეფასება შეამციროს. მკვლევრის თქმით, ამ ფაქტორებმა, თავის მხრივ, შესაძლოა კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს.

ასაკი გადამწყვეტი ფაქტორი იყო

წინა კვლევებმა უკვე აჩვენა კავშირი ეკრანთან ხანგრძლივ დროის გატარებასა და კვებითი დარღვევების სიმპტომებს შორის. ახალი კვლევა ყურადღებას სხვა ფაქტორზე — იმ ასაკზე — ამახვილებს, როცა ბავშვი სმარტფონს იღებს.

გამოკითხვის მონაცემებმა აჩვენა, რომ მოზარდებში ეკრანთან გატარებული ყოველი დამატებითი საათი დაკავშირებული იყო კვებითი დარღვევების სიმპტომების უფრო მაღალ რისკთან და იმასთან, რომ ბავშვი საკუთარ ღირებულებას წონის მიხედვით შეაფასებდა.

ამავდროულად, კვლევა კავშირს აჩვენებს; ის არ ამტკიცებს, რომ სმარტფონი უშუალოდ იწვევს კვებით დარღვევას. სიტუაციაზე შესაძლოა სხვა ფაქტორებიც ახდენდეს გავლენას, ხოლო სმარტფონი ერთდროულად სხვადასხვა ტიპის კონტენტზე წვდომას უზრუნველყოფს, ამიტომ მისი გავლენა მხოლოდ თავად მოწყობილობით ვერ აიხსნება.

მიჩ პრინსტინმა, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების პროფესორმა, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები საფუძველს იძლევა, განხილულ იქნეს სმარტფონზე წვდომის ექვსი თვით ან ერთი წლით გადადება, როგორც რისკების შემცირების შესაძლო გზა.

კომენტარის დამატება

Простий текст

  • No HTML tags allowed.
  • Lines and paragraphs break automatically.
  • Web page addresses and email addresses turn into links automatically.